Friday 31 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 days ago

ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბა

ისრაელის არმიის ავიაციამ გასულ ღამით ღაზის სექტორი დაბომბა. მანამდე ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 28 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჰამასმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის არმიის სამხედროებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად მოხდა. გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის თანახმად, ჰამასმა გადასცა არა კიდევ ერთი, მე-16 მძევლის ცხედარი, როგორც ეს 28 ოქტომბერს განაცხადა, არამედ სხვა მოკლული მძევლის, ოფირ ცარფატის ნაშთები, რაც ექსპერტიზის შედეგად გაირკვა. ცარფატის ცხედრის ნაწილები ღაზის სექტორიდან ისრაელში პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გადაასვენეს. ამ ბრალდებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, გვიან საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების შემდეგ მან სამხედროებს უბრძანა დაუყოვნებლივ დაარტყან ღაზის სექტორს. ჰამასის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე და კიდევ რამდენიმე რაიონზე ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე შეთანხმებას 10 ოქტომბერს ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით. ჰამასმა გაათავისუფლა ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული ადამიანებიდან ცოცხლად დარჩენილი ოცივე მძევალი. თავის მხრივ ისრაელმა გაათავოსუფლა 2000-მდე პალესტინელი პატიმარი და ღაზის სექტორზე შეტევა შეწყვიტა. ჰამასმა ეტაპობრივად დაიწყო ისრაელისთვის 28 დაღუპული მძევლის ცხედრების გადაცემაც. საზავო შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყებოდნენ 19 და 25 ოქტომბერსაც. ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი იყო 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.


Latest News
Hashtags:   

ისრაელმა

 | 

ჰამასი

 | 

შეთანხმების

 | 

დარღვევაში

 | 

დაადანაშაულა

 | 

ღაზის

 | 

სექტორი

 | 

დაბომბა

 | 

Sources